სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

12:04, 29.11.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების  დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი