ახალი დეტალები კეზერაშვილის საქმეში

აღიძრება თუ არა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე. თავდაცვის მოქმედი მინისტრი ექს-მაღალჩინოსნის მიერ სამინისტროსთვის მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე საუბრობს და უკვე წარმოებაში არსებული საქმის გარდა კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში ჩადენილ სხვა შესაძლო ორგანიზებულ დანაშაულსაც არ გამორიცხავს. ბურჭულაძე ასეულობით მილიონიან დავალიანებებზე მიუთითებს, რასაც ბიუჯეტის ორგანიზებულ ძარცვად აცხადებს. საინტერესოა ისიც, რა გაგრძელება მოჰყვება საქართველოს პროკურატურის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო გამოძიებას „ბიბისის“ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, რომლის მიხედვით ევროპელი პენსიონრების ძარცვის საერთაშორისო ქსელის ორგანიზატორად სწორედ დავით კეზერაშვილია დასახელებული. გამოძიების შედეგებს ელოდება ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილიც. ერთადერთი პარტია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ ერთი წლის განმავლობაში მოძიებული მასალების და დოკუმენტურ ფილმში დანაშაულებრივი ქსელის მონაწილეებთან დასახელებული პირების ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობაა“.