საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 58 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ცნობილია, რომ გარდაცვლილი სპორტსმენის დედაა. სხვა დეტალებზე დღეს ექიმებს არ უსაუბრიათ. სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 589 ადამიანი.
ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 69 ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის არის იმ პირთა ნაწილი, რომელთაც „კოვიდ-19“ რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. კლინიკაში იმყოფებიან ის პირებიც, რომელთა ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და ახლა მათი ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ორი ორსული ქალის შემთხვევაში, ერთს კორონავირუსი დაუდგინდა, ერთის პასუხი კი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. გარდა ამისა, ელოდებიან ახალშობილის ანალიზის პასუხებს.