"ციანიდის საქმეზე" დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე  დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.  ადვოკატების დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს მსჯავრდებული გიორგი მამალაძე. პროცედურულად, ამის შემდეგ, საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში დასრულებული იქნება.

გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მეორე ინსტანცია განიხილავს, როგორც მთავარი პროკურატურის, ასევე ადვოკატების სარჩელს.

პროკურატურა ასაჩივრებს წარდგენილი ბრალდების მოტივის ცვლილებას. თავდაპირველად დეკანოზს ბრალად ედებოდა შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება. საქალაქო სასამართლომ კი დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

რაც შეეხება ადვოკატების სარჩელს – დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის, გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.