ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ისინი შეეცდებიან, სასამართლო ბრალდებულის უდანაშაულობაში დაარწმუნონ.

„დასკვნით სიტყვაში დეტალურად არის ყველაფერი იმ მტკიცებულებების ფონზე, თუ როგორ უსამართლოდ არის დღეს მამა გიორგი პატიმრობაში და რამდენად უკანონო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროცესი სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, ადვოკატების დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

პროცედურულად, ამის შემდეგ საქმის განხილვა სასამართლოს მეორე ინსტანციაში დასრულებული იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.