ადვოკატის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლოში დღეს საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს
ადვოკატის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლოში დღეს საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს, – ამის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებული ყურადღებას გაამახვილებს იმ უკანონობაზე, რომელიც მის საქმეს ეხება. ამასთან, აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძე სასამართლოს მას შემდეგ მიმართავს, რაც დაცვის მხარის რამდენიმესაათიანი დასკვნითი სიტყვა ექნება.

„დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარეც იტყვის. ჩვენი დასკვნითი სიტყვა არის საკმაოდ მოცულობითი და ალბათ რამდენიმე საათს გასტანს, რადგან რამდენიმე ათეული ფურცლისგან შედგება. მიმდინარე პროცესები დეტალურადაა განხილული როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე ის ახალი გარემოებები, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საქმეს დაემატა. თუნდაც ის, რომ საქართველოში ნომერ პირველი უფლებადამცველის სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც იწყება შემდეგი შინაარსით, რომ საქალაქო სასამართლოში მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო მეგობრის მიმართვა, რომ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არ მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოში მივა, რომელიც წინა პროცესებზე პროტესტის ნიშნად არ მოდიოდა. აუცილებლად გამოიყენებს თავის საბოლოო სიტყვას. ეჭვი მაქვს, მის საბოლოო სიტყვაში საუბარი იქნება იმ უკანონობებზე, რომელიც თითქმის ერთი წელია გრძელდება. დეკანოზი ქართული მართლმსაჯულების უკანონო პატიმარია. წესით, ამით ამოიწურება სასამართლო განხილვები სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლეს აქვს უფლება, დღესვე გამოაცხადოს განაჩენი, თუმცა სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკიდან და ამ საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს საბოლოო განაჩენს ველოდოთ“, – განაცხადა ფანცულაიამ.