ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ადვოკატი იზოლატორში შეხვდება

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს ადვოკატი იზოლატორში შეხვდება.

დაკავებულს ბრალს განზრახ მკვლელობის მუხლით სავარაუდოდ დღესვე, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. ვეფხია ბაქრაძე დაკავების შემდეგ ქალაქის მთავარ სამმართველოში იმყოფება. მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. პროკურატურა კი სასამართლოს, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს და სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

მკვლელობა თბილისში ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა, ყოფილმა მამინაცვალმა 24 წლის ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით ყელი გამოჭრა. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანა და ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა. მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ბრალდებით ადრე ნასამართლევია და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.