„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. სამართალდამცველებმა ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, სამეგრელოში აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებობდა ვარაუდი, რომ 38 წლის ბიძინა ესებუას, მის ძმასთან, ბადრი ესებუასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა.
ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. მისი მანქანიდან კი სამართალდამცველებმა ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს.