ავტომობილების შემოწმება გზებზე - ერთი წელი რეგულაციის ამოქმედებიდან
7 000-მდე ჯარიმა მარტო ერთ წელიწადში – ავტომობილების მავნე გამონაბოლქვზე გამკაცრებულმა კონტროლმა საგანგაშო ტენდენცია აჩვენა. ირკვევა, რომ დადგენილ რეგულაციებსა და ნორმებს მძღოლების ნაწილი უხეშად არღვევს. სპეციალური ეკიპაჟების მონიტორინგის მიხედვით, პრობლემა ტექნიკური დათვალიერების სისტემამაც ვერ მოაგვარა სრულად – ყოველდღიურად მანქანების შემოწმების შედეგად დგინდება, რომ ათეულობით მანქანის გამონაბოლქვში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ სპეციალური აპარატით მიმდინარე მონიტორინგის პროცესში ეკიპაჟების დამატება გახდა საჭირო.