აუქციონების გამოცხადება

მთავრობის მიერ დაანონსებული განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა. პირველი ეტაპი 300 მეგავატს მოიცავს და ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურების, ასევე ქარის, მზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი სქემა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია.

მთავრობის ინიციატივით, პროექტის ფარგლებში, ჯამში 1 500 მეგავატის გენერაციის ობიექტების მშენებლობის შესაძლებლობაა. საქმე ეხება ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალ პრინციპს, რომელიც ფასთაშორის სხვაობის დაბრუნებას გულისხმობს. ამ მოდელის მიხედვით, კომპანიის კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება. ამ ფორმით სახელმწიფო აზღვევს ინვესტორის რისკებს, რათა ენერგეტიკის მიმართ მათი დაინტერესება გაიზარდოს.