ლიეტუვა რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ მთლიანად შეწყვიტა რუსული გაზის მიღება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა ლიეტუვის მთელ მოთხოვნას გაზზე აკმაყოფილებს კლაიპედას გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და მომდევნო პერიოდისთვის მომხმარებლები ბუნებრივ აირს მხოლოდ ტერმინალიდან მიიღებენ. ენერგეტიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლებიც ბუნებრივ აირს „გაზპრომისგან“ ყიდულობენ, ლიეტუვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობა უზრუნველყო.