ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონაზე იმსჯელებს. ამის შესახებ რაფაელ გროსიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, კიევში ვიზიტის შემდეგ, გროსი რუსეთში აპირებს ჩასვლას, სადაც ასევე გეგმავს განიხილოს ზაპოროჟიეს სადგურის უსაფრთხოების საკითხი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსული კორპორაციის, „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.