უკრაინაში ომის 270-ე დღე

ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა – ინფორმაციას ატომური საერთაშორისო სააგენტოს  ექსპერტები ავრცელებენ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან. იერიშის შედეგად, სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა, თუმცა არც ერთი მათგანი კრიტიკული მნიშვნელობის არ არის. საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი უკრაინულ და რუსულ მხარეს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე ბირთვული უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გახსნაში რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის არმიამ კი ლუგანსკის ოლქში კიდევ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივი სამარხებია ნაპოვნი. იერიში გრძელდება ხერსონის მიმართულებით, რის გამოც, უკრაინულმა ძალებმა ოლქიდან უფრო უსაფრთხო რაიონებში მოქალაქეების ნებაყოფლობითი ევაკუაცია დაიწყეს.