ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი არ ფიქსირდება. ექსპერტების თქმით, ქარხანაში ნაღმების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ რაიმე ნიშანი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ამბობენ, რომ მათ მეტი წვდომა სჭირდებათ ზუსტი პასუხისათვის. სპეციალისტების განცხადებითვე, შეამოწმეს ობიექტის ნაწილები, მათ შორის, დიდი გამაგრილებელი აუზის პერიმეტრის ზოგიერთი მონაკვეთი. ექსპერტებმა მოითხოვეს დამატებითი წვდომა, რომელიც აუცილებელია ნაღმების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების არარსებობის დასადასტურებლად. კერძოდ, მნიშვნელოვანია რეაქტორების მე-3 და მე-4 ბლოკების სახურავების, ასევე სამანქანო განყოფილებებისა და გაგრილების სისტემების შესწავლა.

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთს ადეკვატური რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. „ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ“, – განაცხადა რაუმ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დარტყმის შემთხვევაში ეს ნატო-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება. „ამიტომ ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსებმა, შესაძლოა, მალე დაიწყონ მზადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციებისთვის – მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები მოათავსეს ორი ენერგობლოკის სახურავებზე. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი შედეგები მთელ მსოფლიოზე აისახება.