აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საფრანგეთი აკრიტიკებს

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებას საფრანგეთი აკრიტიკებს და მიუღებელს უწოდებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილებების საფასური ევროპულმა კომპანიებმა არ უნდა გადაიხადონ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიებს აქვთ 6 თვე, რომ ირანთან კონტაქტები გაწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები დაემუქრებათ.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ ნავთობის ფასებზე უკვე იმოქმედა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გაურკვევლობა გაზარდა. 2015 წელს ირანის ბირთვული შეთანხმების დადების შემდეგ, ირანთან მილიარდობით დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არაერთმა ფრანგულმა კომპანიამ გააფორმა.