ჯანდაცვის სამინისტომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადის დემონტაჟი დაიწყო. მოხსნილია ის ნაწილი, რომელიც უწყების ინფორმაციით, ყველაზე სახიფათოა და საიდანაც ძლიერი ქარის დროს ფანჯრის მინების ჩამოცვენის ფაქტიც დაფიქსირდა.
პარალელურად, კლინიკის პერსონალი პროტესტს განაგრძობს. დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, დღეს დილით სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები ისევ შეიკრიბნენ. რეორგანიზაციის ერთი თვით გადავადება მედიკოსებისთვის მისაღები არ არის, ისინი ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. მათ რამდენიმე დღის წინ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა განაცხადი დახარვეზდა, რის გამოც საავადმყოფოს თანამშრომლები სარჩელის ხელახლა მომზადებას გეგმავენ.
პარალელურად, წერილობით მიმართვა გაიგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც საკითხით დაინტერესებას ითხოვენ. რაც შეეხება შეთავაზების პაკეტს, რომლის ასარჩევადაც დრო ხუთ მარტამდეა, პერსონალი საერთოდ არ განიხილავს. საქმე ეხება სამინისტოს მიერ შერჩეულ 13 კლინიკაზე, რომლებშიც, რესპუბლიკურის თანამშრომლებს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობენ, ასევე საუბარია შესაბამის ფულად კომპენსაციაზე. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აანონსებენ.