დღეს გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ბოლო ერთ დღეში კლინიკები უკვე 21-მა განკურნებულმა მოქალაქემ დატოვა. „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ერთნიშნა მაჩვენებელს არც დღეს გასცდენია.
ექვს ახალ ფაქტს შორის დაუდგენელი რჩება ერთი ინფიცირებულის დაავადების წყარო. ეპიდემიოლოგიური რისკები გაზრდილია თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში, სადაც დღეს ვირუსული ინფექცია კიდევ ორ ადამიანს აღმოაჩნდა. 2 400 ადამიანით დასახლებულ და უკვე ჩაკეტილ სოფელში ზომები მკაცრდება. დღევანდელ შემთხვევებს შორის არიან ინფიცირებულები ბოლნისიდან და მარნეულიდანაც. თითქმის დასრულდა ეპიდკვლევა ქობულეთში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი კლასტერი გამოვლინდა.