42° პარალელი - იაპონია - „მშვიდობის სახელმწიფოს“ დასასრული?! / საბრძოლო მოქმედებების ეკრანი / ინტერვიუ პროფესორ პრაბჰატ პატნაიკთან
21:59, 18.05.2019
- იაპონია – „მშვიდობის სახელმწიფოს“ დასასრული?! – იაპონიის ახალი კონსტიტუციის პაცეფისტური ხასიათი მის მეცხრე მუხლში გამოიხატა, რომელიც 1928 წლის ბრაიან-კელოგის შეთანხმების გამოძახილს წარმოადგენდა. შეთანხმების მიხედვით, ომი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დარეგულირების ინსტრუმენტი იკრძალებოდა. კონსტიტუციის მეცხრე მუხლი იყო უნიკალური ჩანაწერი, რომელმაც იაპონია მსოფლიოში ერთადერთ „მშვიდობის სახელმწიფოდ“ აქცია. შოთა თხელიძის სიუჟეტი.
- საბრძოლო მოქმედებების ეკრანი – 2014 წელს გამოვიდა კომპიუტერული თამაში Valiant Hearts: The Great War, რომელიც პირველ მსოფლიო ომში რამდენიმე ჯარისკაცის ბედზე მოგვითხრობს. თამაშზე საუბარი სათამაშო პრესას გაცდა: აღმოჩნდა, რომ ვიდეოთამაშებს რომანების და ფილმების მსგავსად შეიძლება პაციფისტური სულისკვეთება გააჩნდეთ. ხალხის გაოცება გასაგებია, თუ გავიხსენებთ კომპიუტერული თამაშების და განსაკუთრებით მისი აქტიური მოთამაშეების რეპუტაციას. ათწლეულობით გეიმერები ითვლებოდნენ სოციალური ბოროტების, ესკაპიზმის და სისასტიკის გამოხატულებად, ხოლო თამაშები, განსაკუთრებით კი შუთერები – ძალადობის წყაროდ. Valiant Hearts-ისადმი ინტერესმა აჩვენა, რომ კომპიუტერული თამაშები ომს სხვა მხრიდანაც წარმოაჩენენ. იხილეთ რეზი ქოიავას სიუჟეტი კომპიუტერული თამაშების შესახებ.
- ინტერვიუ პროფესორ პრაბჰატ პატნაიკთან – იცვლებიან მთავრობები. თუმცა, ფუნდამენტურად, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის არაფერი იცვლება, რადგან ყველა პოლიტიკური ძალის ეკონომიკური პოლიტიკა მეტწილად იდენტურია. ყველა პარტია საუბრობს, ბიუროკრატიის შემცირებაზე, პრივატიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და მდიდრებისთვის დაბალი გადასახადების შენარჩუნებაზე. ამ პოლიტიკას კი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის მოაქვს ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი სიღარიბე, უთანასწორობა და საკუთარი ქვეყნიდან სამუშაოდ უცხო ქვეყანაში იძულებით წასვლა. როგორ ხდება ისე რომ განვითარებადი სამყაროს პოლიტიკოსების უმეტესობა ერთ ეკონომიკურ დოქტრინას იზიარებენ და რა აიძულებთ მათ აკეთონ საკუთარ ხალხთა წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკა? ამ ფენომენს ცნობილი ინდოელი ეკონომისტი პრაბჰატ პატნაიკი კარგად აღწერს საკუთარ წიგნში „იმპერიალიზმის თეორია“. მისი აზრით, მთავარი არსი ამ პრობლემისა არის ფინანსური კაპიტალიზმი. ფინანსური კაპიტალი აიძულებს განვითარებად ქვეყნებს გაატარონ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რათა შენარჩუნდეს დაბალი ფასები როგორც მუშახელზე, ასევე სხვა პროდუქტებზე, რასაც ღარიბი ქვეყნები აწარმოებენ. თუ ეს ასე არ მოხდება, გლობალიზებული ფინანსური კაპიტალი მასობრივად დატოვებს ღარიბ ქვეყნებს და მოუწყობს მათ ფინანსურ კრიზისს. ფინანსური კრიზისი კი ნებისმიერი ღარიბი ქვეყნის მთავრობისთვის პოლიტიკურად ლეტალურია. პატნაიკი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად ინდოეთში. მას ტატო ხუნდაძე ესაუბრა.