ხელმძღვანელობა

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოებია:

ა) სამეურვეო საბჭო
ბ) გენერალური დირექტორი

სამეურვეო საბჭო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან, რომლის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

გენერალური დირექტორი

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით.

გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით და გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.