ეკატერინე შონია – საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი

ახალი ამბების თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე ხშირად სიზუსტეზე წინ დგას, ჩვენი არჩევანი განსხვავებული და მკაფიოა – ჯერ სიმართლე, შემდეგ კი სისწრაფე.

ჩვენი საქმიანობის საფუძველი ობიექტურობა, პროფესიული ეთიკის ერთგულება და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებაა. საზოგადოების ნდობა კი მხოლოდ გადამოწმებული ფაქტებითა და სიმართლით მოიპოვება, ამიტომ ყოველი რეპორტაჟი, პირდაპირი ჩართვა თუ ახალი ამბავი, რომელიც მაყურებლამდე მიგვაქვს, ეფუძნება სიზუსტეს, სიმართლეს და მაღალი პასუხისმგებლობითაა გაჯერებული.

ჩვენი მისია მხოლოდ ახალი ამბების გაშუქება არ არის, ჩვენი მისიაა, ვიყოთ საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის წყარო, რომელიც არასდროს დათმობს სიმართლეს სისწრაფის, პოპულარობისა თუ სხვა ნებისმიერი ინტერესის სანაცვლოდ.

ამ მისიის შესრულება კი წარმოუდგენელია ჩვენი ყველაზე დიდი ძალის – გუნდის გარეშე, რომლისთვისაც ჟურნალისტიკა მხოლოდ პროფესია კი არ არის, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაცაა.

ღრმად მწამს, რომ ძლიერი საინფორმაციო სამსახური იქმნება არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ პროფესიონალებით, რომლებსაც ერთმანეთის ნდობა, მხარდაჭერა და საერთო მიზნის მიღწევის რწმენა აერთიანებთ. გუნდის თითოეული წევრის ღირსება, პროფესიული თავისუფლება, ურთიერთპატივისცემა და, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოება, ჩემთვის უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს.

მჯერა, რომ ძლიერი მედია ეფუძნება პასუხისმგებლიან გუნდს, ხოლო საზოგადოების ნდობა და აღიარება, სიმართლის ერთგულებას. ნდობა არ მოიპოვება სისწრაფით, ნდობა მოიპოვება სიმართლით.