ზვიად დევდარიანი დაიკითხა
ზვიად დევდარიანი დაიკითხა

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის დაკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დევდარიანმა ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა და განმარტა, რომ მზად არის, ყველა უწყებასთან ითანამშრომლოს.

„პრესკონფერენციაზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სახალხო დამცველთან, რადგან მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი მხრიდან სამართლებრივი გზაა. ასე რომ, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის, ნინო ბარეჩაშვილის თქმით, ზვიად დევდარიანს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და გამოძიების დასრულებამდე, მეტ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„გამოძიებამ ჩვენ დაგვიბარა, გავეცით ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან ვერანაირი კომენტარი ვერ გაკეთდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.