ზურაბ ჯაფარიძე - ხაზარაძის წინააღმდეგ რაც ხდება, პოლიტიკურია, მაგრამ წერილის ამბავი გაუგებარია
ზურაბ ჯაფარიძე - ხაზარაძის წინააღმდეგ რაც ხდება, პოლიტიკურია, მაგრამ წერილის ამბავი გაუგებარია

ხაზარაძის წინააღმდეგ რაც ხდება, პოლიტიკურია, მაგრამ წერილის ამბავი გაუგებარია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი აზრით, ხაზარაძის წინააღმდეგ რაც ხდება, პოლიტიკურია, მაგრამ ეს წერილის ამბავი გაუგებარია. რანაირია ეს წერილი? შსს-ს ბლანკზე ამობეჭდილი და კანცელარიაში გატარებული? სავარაუდოდ არა. უბრალოდ, ფურცელზე ამობეჭდილი გახარიას ხელმოწერით? იგივე. ვინ აგზავნის დღეს ეგეთ წერილებს? გახარიას ხელნაწერი? მაშინ ნაბეჭდს რატომ მიიტანდა სასამართლოში? ასლს ვერ გადაიღებდა? ელფოსტით მიღებული? მაშინ ამონაბეჭდი რატომ არ მიიტანა სასამართლოში? რომელიმე ჩატაპლიკაციაში მიღებული? მაშინ „სქრინშოტი“ რატომ არ მიიტანა?​ ფაქსია? დეპეშაა? ლონდონში რა არის გაგზავნილი ექსპერტიზაზე? არ მგონია, ახლა ხაზარაძის ინტერესებში იყოს ასეთი კითხვების ღიად დატოვება“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქში“.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად, ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გუშინ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვაზე მის მიერ ნახსენები წერილის ასლი წარადგინა და ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.