ზირაქაშვილი და გორგოძე, სავარაუდოდ, გამოსამშვიდობებელ გალა მატჩში მიიღებენ მონაწილეობას
პოპულარული ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ (L’équipe) ინფორმაციით, საფრანგეთის პროფესიონალ მორაგბეთა კავშირი გეგმავს მატჩის ორგანიზებას, რომელშიც ის სპორტსმენები ითამაშებენ, ვინც სეზონის შეწყვეტის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულეს და გულშემატკივრებს სათანადოდ ვერ გამოემშვიდობნენ. მატჩის სავარაუდო მონაწილეებს შორის პირველ რიგში ქართველი მორაგბეები – დავით ზირაქაშვილი, მამუკა გორგოძე და ურუგვაელი როდრიგო კაპო ორტეგა არიან ნახსენები.
წყაროს ცნობით, კავშირი თამაშის გამართვის რამდენიმე სავარაუდო გეგმას განიხილავს, მათ შორის არის პენსიაზე ახლად გასული მორაგბეების ერთმანეთში მატჩი, ან მათი დაპირისპირება გულშემატკივრების მიერ შერჩეულ გუნდთან.
გალა მატჩის გამართვის თარიღის და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.