იოსებ ტყემალაძე - კაჭარავაზე დიდ იმედს ვამყარებთ, გამგეობაში გორგოძის არჩევა კი უმნიშვნელოვანესია #1TVSPORT
იოსებ ტყემალაძე - კაჭარავაზე დიდ იმედს ვამყარებთ, გამგეობაში გორგოძის არჩევა კი უმნიშვნელოვანესია #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ გამგეობის წევრებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგეობამ დაამტკიცა სადისციპლინო სააპელაციო კომისიის წევრები, განიხილა ცვლილებები თამაშის წესებში, დაამტკიცა ანტიკორუფციული რეგულაციები და განიხილა კლუბებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

კავშირის გამგეობის თავმჯდომარის არჩევისა და პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ კომენტარი გააკეთა:

„გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ დავით კაჭარავაზე პირადად მე და გამგეობის წევრები დიდ იმედს ვამყარებთ. ვიმედოვნებ, რომ ახალ გამგეობაში იქნება საკითხების სიღრმისეული განხილვა, მაქსიმალური კონტროლი რაგბის კავშირის საქმიანობაზე, მოთხოვნა ყველა გეგმის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებაზე, და ამაში გამგეობის თავმჯდომარის როლი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

იოსებ ტყემალაძემ გამგეობაში ქართული რაგბის ვარსკვლავ მამუკა გორგოძის არჩევაზეც ილაპარაკა:

„ასევე, მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბიში. ჩემი თხოვნით, ის უხელმძღვანელებს ნაკრებთან ურთიერთობას, დაიცავს მის ინტერესებს გამგეობაში და ნაკრებში რაგბის კავშირის ინტერესებს გაატარებს“.

ტყემალაძის თქმით, მთლიანობაში სხდომა საინტერესო გამოდგა:

„იყო კარგი მსჯელობები. გამგეობის წევრებს გავაცანი განვლილ ხუთ თვეში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. ვულოცავ ქართულ რაგბის პირველ არჩევით გამგეობას, რაც ჩვენი დაპირება იყო. ვფიქრობ, ერთიანად, ქართული რაგბის სწრაფ განვითარებას კიდევ უფრო დავაჩქარებთ“.