ზემო ფონიჭალაში N23 კორპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ
ზემო ფონიჭალაში N23 კორპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ

ზემო ფონიჭალაში N23 კორპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შემდეგ, სამართალდამცველებმა კორპუსის მცხოვრებლებს დართეს ნება, სახლებიდან ნივთები გამოიტანონ.

აფეთქების ადგილზე დღეს დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ისინი კორპუსის მდგრადობას სწავლობდნენ. ჯერ უცნობია, კორპუსი არის თუ არა საცხოვრებლად ვარგისი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მაშველები ტერიტორიას სამშენებლო ნაგვისგან დილიდან წმენდდნენ და აფეთქების შედეგად დაზიანებულ კედლებს ამაგრებდნენ.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.