ზედიზედ მეორედ - პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად ენჯ პოსტეკოგლუ დაასახელეს #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომლის მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშემ სეზონის საწყის ორ თვეში საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგეს.
სექტემბრის თვეში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუ დაასახელეს, მან იგივე ტიტული აგვისტოშიც მოიპოვა. პოსტეკოგლუს ხელმძღვანელობით „ტოტენჰემმა“ სექტემბერში 3 თამაში მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
58 წლის ენჯ პოსტეკოგლუ ამ სეზონამდე „სელტიკს“ ავარჯიშებდა. გასულ ორ სეზონში შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი მისი ხელმძღვანელობით დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდა და ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. გასულ სეზონში ასევე დაეუფლა შოტლანდიის თასსა და სუპერთასს.
შეგახსენებთ, რომ გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონური გუნდის კაპიტანი, სამხრეთკორეელი სონ ჰინ მინი გახდა, ხოლო აგვისტოში ეს ჯილდო ჯეიმს მედისონმა მოიგო.
ამჟამად „ტოტენჰემს“ 20 ქულა აქვს და პრემიერლიგას ლიდერობს. პოსტეკოგლუს გუნდი მეორეადგილოსან „არსენალს“ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს.