ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება, ვინმე იყოს
ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება, ვინმე იყოს

კამათი და დებატები ყოველთვის არის, რადგან ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი ამ შეხვედრებზე და ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული აზრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტია „ლელოს“ ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიები მომავალ კვირას დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიციაში განხეთქილების სუბიექტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უდუმაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არანაირ განხეთქილებას არ წარმოქმნის.

„არანაირ განხეთქილებას არ წარმოქმნის. კამათი და დებატები ყოველთვის არის, იქნება ეს კამერების თანდასწრებით, თუ კამერების გარეშე, რადგან ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი ამ შეხვედრებზე და ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული აზრი. თუმცა, ამ კამათში ხშირად მივდივართ იმ მთავრამდე, რაც არის ყველასთვის ჩვენთვის, მთავარია რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი იმ სტრატეგიასა და გეგმაში, რომელიც ეხება იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ქვეყანა არის ჩავარდნილი. რა თქმა უნდა აზრთა სხვადასხვა იქნება“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, არის შეფასებები, რომ სააკაშვილის განცხადებები დესტრუქციულია. უდუმაშვილის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება, ვინმე იყოს“.

„მე არ შევალ ამ დებატებში, უბრალოდ ვიტყვი, რომ მე მგონი, მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება, ვინმე იყოს. ბოლო განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება, თუნდაც გუშინ, როდესაც იმ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე წუთში გავრცელდა მისი განცხადება, სადაც პირდაპირ თქვა, რომ თავი დაანებონ მისი პერსონის გარშემო დებატებს და სჯობს, კონცენტრირდნენ იმ ერთობაზე, რომელიც ჩამოყალიბებულია. ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო მესიჯი ყველასთვის“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

გუშინ, ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე „ტვ პირველის“ ეთერში გია ბარამიძეს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოჰყვა გია ბარამიძის განცხადებას, სადაც ის აქციების მიმდინარეობაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობდა. ინციდენტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქპოსტი გაავრცელა სადაც წერს – „მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას“.