მიხეილ სააკაშვილი - მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას
მიხეილ სააკაშვილი - მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას

მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში.

მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიცია და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის“, – აცხადებს სააკაშვილი.

აღნიშნული ფეისბუქპოსტი მიხეილ სააკაშვილის გვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე „ტვ პირველის“ ეთერში გია ბარამიძეს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოჰყვა გია ბარამიძის განცხადებას, სადაც ის აქციების მიმდინარეობაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობდა.