ყირგიზეთის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთი მათი ტერიტორიის დაკავებას ცდილობს
ყირგიზეთის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთი მათი ტერიტორიის დაკავებას ცდილობს

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთი ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებას ცდილობს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ბიურო ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, „მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა, ტაჯიკეთის მხარე აგრძელებს კონფლიქტის რაიონში სამხედრო ტექნიკის გადაყვანას და იყენებს მის ხელთ არსებულ არსენალს ყირგიზეთის ტერიტორიის მისამართით ცეცხლის გასახსნელად, რისი მიზანიც ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებაა“.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ამჟამად ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე ინტენსიური ბრძოლა გრძელდება და ყირგიზეთის მესაზღვრეები ტაჯიკეთის აგრესიას იგერიებენ“.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება დღეს დილით დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ყირგიზეთი იუწყება სულ მცირე 18 დაშავებულის შესახებ, როლებიც ბათქენის რაიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პარალელურად, მედია იუწყება, რომ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის გამო, დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება.