ყინვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება გართულებულია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს
ყინვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება გართულებულია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს

ბათუმში დილიდან გამოიდარა, თუმცა ჰაერის ტემპერატურა – 3 გრადუსია, რის გამოც გზები მოყინულია და ქუჩების ნაწილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, მიუხედავად ამისა, დილიდან ქალაქში შეუფერხებლად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვეულებრივ განახლდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებშიც, თუმცა ცივი ამინდის გამო, მოსწავლეთა დასწრების დონე დაბალია.

ღამის განმავლობაში გზების გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობდა, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკური მარილიც დაყარეს.

ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გუშინ ღამით ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ თითქმის 50 სანტიმეტრს მიაღწია.

თოვლიანი ბათუმი საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივშიც მოხვდა.

რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან რეგიონს, ამ დროისთვის ყველა თემის ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს სასოფლო შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სასწავლო პროცესი განახლდა ყველა მუნიციპალიტეტში გარდა ქედის ორი და შუახევის სამი საჯარო სკოლისა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით ყველა სკოლაში უზრუნველყოფილია გათბობა, სასწავლო პროცესი მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო შეწყდა.

აჭარის მთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. მუშაობს საგანგებო შტაბები.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში 4 გრადუსზე დაფიქსირდება. 12 თებერვლიდან კი, საქართველოს მასშტაბით ამინდი კვლავ გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ძირითადად თოვლის სახით.