ყატარში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე უცხოელ გულშემატკივრებს არ დაუშვებენ
ყატარში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე უცხოელ გულშემატკივრებს არ დაუშვებენ

ყატარში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. ტურნირის მატჩებზე მხოლოდ ადგილობრივები მოხვდებიან, რომლებმაც უნდა დაადასტურონ, რომ არ არიან კორონავირუსით ინფიცირებულები.

„უცხოელი გულშემატკივრები ვერ შეძლებენ ყატარში ჩასვლას, მაგრამ ადგილობრივი ფანები მიიღებენ თამაშებზე დასწრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ დაიცავენ ყატარის ჯანმრთელობის სამინისტროს პროცედურებს. სტადიონები 30 პროცენტით იქნება შევსებული. ადამიანები, რომლებმაც მიიღეს კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზა ან გადაიტანეს ვირუსი ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი თვის განმავლობაში, შეძლებენ თამაშებზე დასწრებას დამატებითი ტესტების გარეშე, დანარჩენებმა კი უნდა ჩააბარონ ტესტები და უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, ბილეთის შეძენის უფლება ექნებათ“, – განაცხადა ყატარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვაჰაბ ალ-მუსლაჰმა.

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 4-11 თებერვალს გაიმართება. ტურნირი ორ სტადიონზე ჩაივლის, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ააშენეს.