ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი, ოლგა სტეფანიშინა კი აცხადებს, რომ გადადგომის გადაწყტვეტილება თავად მიიღო

21:38, 03.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს თავად ოლგა სტეფანიშინა და აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, განპირობებული პირადი გარემოებებით, რომლებზეც ადრეც იყო საუბარი“, – წერს სტეფანიშინა და გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადების ფოტოს აქვეყნებს.

მისივე თქმით, იმ გეგმის ძირითადი პუნქტები, რომლითაც შეერთებულ შტატებში ჩავიდა, შესრულებულია.

„ჩვენ გავზარდეთ ამერიკული შეიარაღების მიწოდება და შევინარჩუნეთ მხარდაჭერა სწორედ მაშინ, როცა ვაშინგტონში პოლიტიკური ვითარება ჩვენთვის არახელსაყრელად იცვლებოდა. ჩვენ ეს მხარდაჭერა კანონებში გავამყარეთ, რომლებიც ადმინისტრაციის ნებისმიერ ცვლილებას გადაურჩება. და, რაც მთავარია, შევცვალეთ თავად უკრაინის როლი – იმ ქვეყნიდან, რომელსაც ეხმარებიან, გავხდით ქვეყანა, რომელშიც ინვესტირებას ახდენენ და რომლის ტექნოლოგიებსაც ყიდულობენ“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

სტეფანიშინას განმარტებით, უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოეხმაურება იმ საკითხებს, რომლებიც „ბოლო დროს მედიაში ვრცელდება“.

ცნობისთვის, მანამდე მედია წერდა, რომ სტეფანიშინამ პირადი გარემოებების გამო დიპლომატიური სამსახურიდან წასვლა ითხოვა. შემდეგ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ცდილობდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო დაერწმუნებინა, შეერთებულ შტატებში ელჩის პოსტი დაეკავებინა, თუმცა სვირიდენკომ ამ წინადადებაზე უარი თქვა.

მსგავსი