პროფკავშირების მონაცემებით, იტალიაში საყოველთაო გაფიცვაში 1.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
Un momento della manifestazione della Cgil per lo sciopero generale, Roma, 20 novembre 2026. ANSA/ANGELO CARCONI
იტალიაში საყოველთაო გაფიცვაში 1.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროფკავშირების მონაცემებით, იტალიის მასშტაბით დემონსტრაციები ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.
იტალიის უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანების ინფორმაციით, აქციებში მონაწილეობდნენ დასაქმებულები, სტუდენტები და პენსიონერები.
გაფიცვა გაიმართა ლოზუნგით „მომავალი ახლაა“.
„პასუხებს თუ ვერ მივიღებთ, არ გავჩერდებით. ბრძოლას გავაგრძელებთ და კვლავ გამოვალთ ქუჩებში“, – განაცხადეს პროფკავშირებში.
მედიის ცნობით, 24-საათიანმა გაფიცვამ მოიცვა განათლების, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სექტორების თანამშრომლები. სხვადასხვა ქალაქში გარკვეული დროით არ მუშაობდა ავტობუსები, ტრამვაი და მეტრო.
საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტი გაფიცვიდან მარეგულირებელი კომისიის ჩარევის შემდეგ გამოირიცხა. თუმცა შაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, რკინიგზის თანამშრომლების ცალკე გაფიცვა დაიგეგმა.
ცნობისთვის, იტალიაში წინა საყოველთაო საპროტესტო გამოსვლები 30 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ ათიათასობით ადამიანი მაღალი ფასებისა და სამხედრო ხარჯების ზრდის წინააღმდეგ გამოვიდა.
გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირი მთავარ მოთხოვნად მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის შეცვლას, შრომითი უფლებების დაცვასა და მოსახლეობის გაღარიბების წინააღმდეგ ზომების მიღებას ასახელებს.
როგორც იტალიური მედია წერს, ANSA-ის მიერ გამოქვეყნებული მილიონ-ნახევარი მონაწილე და 60-პროცენტიანი ჩართულობა პროფკავშირის მონაცემებია და არა დამოუკიდებლად დადასტურებული ოფიციალური სტატისტიკა.