ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის ხანგრძლივობა რუსეთზე გავლენის ინსტრუმენტების ეფექტურობაზეა დამოკიდებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის ხანგრძლივობა რუსეთზე გავლენის ინსტრუმენტების ეფექტურობაზეა დამოკიდებული

ომის ხანგრძლივობა რუსეთზე გავლენის ინსტრუმენტების ეფექტურობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, პერიოდულად ხედავთ მედიაში, უკრაინულსა და დასავლურში, შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს ომი. ზოგი ამბობს რამდენიმე კვირას; ზოგი რამდენიმე წელს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ რუსეთზე გავლენის მქონე ინსტრუმენტების ეფექტურობა, რომელსაც იყენებს უკრაინა და მთელი ჩვენი ანტისაომარი კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომის ხანგრძლივობა და მშვიდობის დამყარება დამოკიდებულია ბრძოლის ველზე უკრაინელების ბრძოლისუნარიანობაზე; თუმცა, ასევე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, განსაკუთრებით რუსეთის ენერგორესურსებზე.

„მე ყოველთვის ვეუბნები ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთანაც ამ საკითხს განვიხილავ, რომ მშვიდობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდაჭერის ოდენობაზე. თუ ვინმე მეუბნება: ერთი წელი ან წლები, მე ვპასუხობ: შენს ხელშია, ომი გაცილებით ხანმოკლედ აქციო. რაც უფრო მეტს და სწრაფად მივიღებთ ყველა იმ იარაღს, რომელიც მოვითხოვეთ, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი პოზიციები და უფრო მალე დამყარდება მშვიდობა; რაც უფრო მეტს და მალე მივიღებთ მოთხოვნილ ფინანსურ მხარდაჭერას, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა; რაც უფრო მალე აღიარებს დემოკრატიული სამყარო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო და მისი საბანკო სექტორის სრული ბლოკადა არის არსებითი ნაბიჯი მშვიდობისკენ, მით უფრო მალე დასრულდება ომი. ზოგადად, დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, რომ რუსეთისთვის ფულის გადახდა ენერგორესურსებისთვის არის ნამდვილად ფულის გადახდა დემოკრატიის განადგურებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის 918 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აგრძელებენ დანაღმული ტერიტორიების გაწმენდას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად გადაცემული კითხვარის შევსების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ კითხვარის დიდი ნაწილი უკვე შევსებულია და მალე გადაეგზავნება ევროკავშირის შესაბამის სამსახურებს.