ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით ქვეყანას სურსათზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით ქვეყანას სურსათზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს

მსოფლიოს ქვეყნების სულ უფრო დიდი რაოდენობა აცნობიერებს, რომ ჩვენთვის შავი ზღვის დაბლოკვით და ამ ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით სხვა ქვეყანას სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ეცნობა, არის სასურსათო უსაფრთხოება.

„მსოფლიოს ქვეყნების სულ უფრო დიდი რაოდენობა აცნობიერებს, რომ ჩვენთვის შავი ზღვის დაბლოკვით და ამ ომის გაგრძელებით, რუსეთი ათობით სხვა ქვეყანას სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციისთვის, რომ იმოქმედონ ერთად უფრო მტკიცედ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს კიევში მოლაპარაკებები გამართა ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან, რომლებთანაც უკრაინის მხარდაჭერის სხვადასხვა სფერო განიხილა, მათ შორის თავდაცვის და ფინანსური; ასევე, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამერიკელებს მადლობა გადაუხადა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, რომ განაახლეს ლენდ ლიზის პროგრამა და მათ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებისკენ მოუწოდა.

„ახლა უკრაინის მხარდაჭერა – და, უპირველეს ყოვლისა, იარაღით – ნიშნავს მუშაობას გლობალური შიმშილის თავიდან ასაცილებლად. რაც უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უკრაინის უსაფრთხოების, მით უფრო მალე აღდგება სურსათის ბაზრის ნორმალური მდგომარეობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმე რჩება. მისი თქმით, რუსული ჯარები „კვლავ ცდილობენ რაიმე სახის გამარჯვების ჩვენებას, რაც სრულმასშტაბიანი შეჭრის 80-ე დღეს განსაკუთრებით უგუნურად გამოიყურება“.