ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს უმრავლესობას შეუძლია და უნდა აიძულოს რუსეთი, დაამყაროს სამართლიანი მშვიდობა, ეს გზა, შესაძლოა, ივნისში სამშვიდობო სამიტზე დაიწყოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს უმრავლესობას შეუძლია და უნდა აიძულოს რუსეთი, დაამყაროს სამართლიანი მშვიდობა, ეს გზა, შესაძლოა, ივნისში სამშვიდობო სამიტზე დაიწყოს

მსოფლიოს უმრავლესობას შეუძლია და უნდა აიძულოს რუსეთი, დაამყაროს სამართლიანი მშვიდობა და ეს გზა, შესაძლოა, ივნისში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ პირველი სამშვიდობო სამიტის მომზადებას ივნისისთვის. ჩვენი გუნდი და მასთან ერთად მთავარი პარტნიორები მუშაობენ, რათა სამიტი მართლაც გლობალური გახდეს. დაზუსტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე, განსხვავებული შეხედულებები გლობალურ განვითარებაზე, მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი და იგივე აღიარება, რომ გაერო-ს წესდება და ძირითადი საერთაშორისო კონვენციები სავალდებულო დოკუმენტია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის ისეთისთვის, როგორიც რუსეთია, სადაც სიგიჟე სუფევს. მსოფლიოს უმრავლესობამ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობის დამყარებისკენ და მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. სწორედ ივნისში, შეიძლება, დაიწყოს გზა სამართლიანი მშვიდობისაკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების რეალურად დასაწყებად და „ახლა ევროკავშირის მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“.

„ჩვენ ასევე ვემზადებით ნატო-ს სამიტისთვის, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. საჭიროა ძლიერი პოლიტიკური გზავნილი – ალიანსს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ძალების. ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს და მზად არის, რეალურად დაიცვას ისინი, იმსახურებს მიწვევას ალიანსში“, – განაცხადა ზელენსკიმ.