დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ათეულობით პირსა და ორგანიზაციას შეეხო

00:54, 24.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ათეულობით პირსა და ორგანიზაციას შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, დაწესებული სანქციები შეეხო ირანის ორ ათეულზე მეტ სავალუტო ოფისსა და ე.წ. ფასადურ კომპანიას, რომლებიც ირანს საგარეო ვაჭრობის წარმოებაში ეხმარებოდნენ.

სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჰონგ კონგში დაფუძნებული ფირმები და ამ ქსელებთან დაკავშირებული საკვანძო პირები.

„ირანის ეკონომიკა ფსკერზეა, მისი ლიდერები კი პანიკაში არიან. ირანის „ჩრდილოვანი“ საბანკო სისტემა გაკოტრებული რეჟიმის უკანასკნელი ფინანსური საყრდენია. სახაზინო დეპარტამენტი გააგრძელებს ამ უკანონო ქსელების დაშლას, ვიდრე გველის თავს არ დავმარხავთ“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ქსელმა (FinCEN) ასევე გამოაქვეყნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტომდე პერიოდში განხორციელებული თითქმის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური ოპერაციები, შესაძლოა, ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ირანის „ჩრდილოვანი საბანკო სისტემა“ ირანის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშაა და ეყრდნობა ირანში მოქმედ ათეულობით ვალუტის გადამცვლელ პუნქტსა და ე.წ. რაჰბარის კომპანიებს – ბანკებთან დაკავშირებულ სტრუქტურებს, რომლებიც ირანში მყოფი კლიენტებისთვის სანქციების გვერდის ავლის ქსელებს მართავენ.

მსგავსი