ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინეუში მაია სანდუს შეხვდა – „იმედი მაქვს, ევროკავშირში ერთად ვიქნებით“

22:52, 27.08.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინეუში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრა მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პარალელურად გაიმართა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს რუსული დრონები მოლდოვის საჰაერო სივრცეში რამდენჯერმე შეიჭრნენ.

„ჩვენ თქვენ მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმ მშვიდობისთვის, რომელიც გვაქვს და იმისთვის, რომ შეგვიძლია, ეს დღე მშვიდობიანად აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ღამეს ჩვენი საჰაერო სივრცე ხუთჯერ დაირღვა“, – განაცხადა სანდუმ.

თავის მხრივ, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთად გახდებიან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გზას ევროკავშირისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ეს რეალობად იქცევა. იმედი მაქვს, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში ერთად ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი