ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ანტისაომარი კოალიციის გაძლიერება არის აუცილებელი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ანტისაომარი კოალიციის გაძლიერება არის აუცილებელი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ ანტისაომარი კოალიციის გაძლიერება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტით მყოფ ბრიტანეთის პრემიერთან, ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, კერძოდ, დააწესონ ემბარგო რუსეთის ენერგორესურსებზე და გაზარდონ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთის ფედერაციაზე, ზეწოლა მოვახდინოთ უკრაინის ხალხის ეფექტური დახმარებით სწორედ რუსეთისგან თავდასაცავად და ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ სანქციებით. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს, რომელიც ახანგრძლივებს სანქციებს და გამუდმებით აძლიერებს მათ. ასევე, მძლავრად ეხმარება უკრაინას, აძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. სხვა დემოკრატიულმა დასავლურმა სახელმწიფოებმა დიდი ბრიტანეთის მაგალითს უნდა მისდიონ. დროა, დაწესდეს სრული ემბარგო რუსეთის ენერგორესურსებზე, გაიზარდოს იარაღის მოწოდება ჩვენთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურთან ერთად მიიჩნევს, რომ ომის საწინააღმდეგო კოალიციის კიდევ უფრო გაძლიერება არის აუცილებელი. გარდა ამისა, ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აცნობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და უკრაინის მკაფიო პოზიციის შესახებ, რომ სამშვიდობო შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ეფექტური გარანტიების მექანიზმი.

„ჩვენ ველოდებით, რომ ლონდონი მთავარ როლს შეასრულებს ამ პროცესში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჯონსონთან განიხილა ის ძირითადი სფეროები, რომლებზეც ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ გზაზე.

„განვსაზღვრეთ ძირითადი ამოცანები და მოვახდინეთ ჩვენი შემდგომი მუშაობის კოორდინაცია. მაქსიმალურად გავაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერას ჩვენი ჯარების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე უკრაინის აღდგენით. ერთად ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ლამაზ ქალაქებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.