„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის ნოემბერში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მეცნიერი მძიმედ დაავადდა
პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის ნოემბერში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მეცნიერი მძიმედ დაავადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მათ ჰქონდათ მსგავსი სიმპტომები და ისინი თავად იყვნენ ერთი გუნდის წევრები, რომლებიც კორონავირუსებთან მუშაობდნენ.
ამერიკული გამოცემა არ ამტკიცებს, რომ ჩინელი მეცნიერები უშუალოდ „კოვიდ-19“-ით დაავადდნენ, თუმცა წერს, რომ დოკუმენტებში არსებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, „დამატებითი წონა“ მისცეს მოთხოვნებს, ჩატარდეს უფრო ვრცელი გამოძიება ინფექციის წარმოშობასთან დაკავშირებით.
„ინფორმაცია, რომ კორონავირუსებთან მომუშავე ერთი გუნდის წევრები მსგავსი სიმპტომებით შეიყვანეს საავადმყოფოში პანდემიის დაწყებამდე, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს“, – წერს ამერიკული გამოცემა.