ვლადიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, არ დავრეკავთ - არ იქნება მშვიდობიანი შედეგი
ვლადიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, არ დავრეკავთ - არ იქნება მშვიდობიანი შედეგი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან აუცილებელ მომენტებში პირდაპირ დიალოგი აქვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ მეშინია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის. მიმაჩნია, რომ ეს სწორია. თუ არის საუბრის შესაძლებლობა და თუ ეს მოლაპარაკებები ომის საკითხში წინ წაგვწევს, უნდა გავაკეთოთ. არ ვილაპარაკებთ – არ იქნება შედეგი. მე ეს ზუსტად მესმის. არ გვექნება დიალოგი, არ დავრეკავთ, როცა ეს საჭიროა – მშვიდობიანი შედეგი არ იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამ საუბრის შედეგი დღესაც ჩანს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ნორმანდიულ ფორმატში მეორე შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ომის დასრულების დიდი შანსი გვაქვს. ჩვენს გუნდსა და წინას თუ შეადარებთ – ისე, როგორც მე მსურს, არავის სურდა. მე ვიცი, რომ ჩემზე სწრაფად ამას არავინ დაასრულებს“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი