ვლადიმირ ვაისი - მწვრთნელი, რომელმაც ჯგუფი პირველად მოგვაგებინა და ევროპას ყველაზე მეტად დაგვაახლოვა (ვიდეო)
ვლადიმირ ვაისი - მწვრთნელი, რომელმაც ჯგუფი პირველად მოგვაგებინა და ევროპას ყველაზე მეტად დაგვაახლოვა (ვიდეო)

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, ჩვენს გუნდს სლოვაკი სპეციალისტი აღარ უხელმძღვანელებს.

 

56 წლის ვლადიმერ ვაისი ბრატისლავაშია დაბადებული. იგი ჩეხოსლოვაკიისა და სლოვაკეთის ნაკრებების მოთამაშე იყო. მწვრთნელმა სახელი პეტრჟალკასარტმედიაში“ გაითქვა, რომელიც 2005/06 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ქვეყნის მასშტაბით მიღწეული წარმატებების გამო, 2008 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს, რომელმაც პირველად გააღწია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (2010 წელს), შემდეგ კი – 1/8 ფინალშიც, გზაზე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია დაამარცხა.

ვაისი 2016 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, სადაც 2020 წლის 15 ნოემბრამდე იმუშავა. საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 47 შეხვედრაში, 16 მოიგო, 15 ფრედ ითამაშა, ხოლო 16 წააგო. ამით სლოვაკი მწვრთნელი რეკორდსმენი გახდა – აქამდე რეკორდი თემურ ქეცბაიას ჰქონდა – 40 მატჩი.

ვლადიმირ ვაისის პირველი მატჩი იყო 2016 წლის 29 მარტს ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ ყაზახეთთან, რომელიც 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა – 2016 წლის 7 ივნისს მადრიდის „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ გამართული ამხანაგური მატჩი ესპანეთის ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1:0 მოუგო.

ვლადიმირ ვაისი პირველი მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა – 2018 წელს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალში ითამაშა.

ცხადია, ამ შესარჩევ ჯგუფში ისეთი ძლიერი მეტოქეები არ გვყავდა, როგორიც სხვა დროს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ საქართველოს არასოდეს ჰქონდა მოგებული ოფიციალური თამაში ლატვიასთან (რომელსაც ორივე მატჩი მოვუგეთ), ხოლო ყაზახეთს შინ ვერ ვუგებდით, ახლა თბილისშიც ვაჯობეთ და სტუმრადაც.

ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატთან ყველაზე ახლოს 2020 წელს ვიყავით. გუნდმა ნახევარფინალში ბელარუსს 1:0 სძლია, მაგრამ იგივე ანგარიშით ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ყველაზე დიდი მოლოდინის შემდეგ ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ამ მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

წავიდა და წასვლის წინ სიმართლეც თქვა – ქართველი ფეხბურთელების ნაწილს პროფესიონალიზმი აკლია. ამიტომ არაა შედეგი, 21-ე საუკუნეში მხოლოდ ნიჭით თამაში არ გამოვა. ის იმედგაცრუება, რაც ნოემბერში ქართველმა გულშემატკივარმა განიცადა, მხოლოდ ვაისის ბრალი არაა. მასაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ძალიან ძნელია მოძებნო უფრო კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც საქართველოში მუშაობას დათანხმდება. და მეორეც – ქართული ფეხბურთის ბოლო 30 წლის დაღმასვლის შედეგებს მას ვერ ავკიდებთ. ეს უმადურობა იქნებოდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველო ევროპის ჩემპიონატთან ყველაზე მეტად დაახლოვა.