ვლადიმირ ვაისი - სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა
ვლადიმირ ვაისი - სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა
შვეიცარიის ნაკრებთან გამართული მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:
 
„საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა. ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, გუნდს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტართან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ. ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გამოუყენებელ მომენტებზეც ილაპარაკა: „მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა, ქვილითაიამ კი კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ იან სომერმა კარგად ითამაშა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. მაგრამ დღეს ბრწყინვალე გიორგი ლორია იყო“.
ვაისის თქმით, ის გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა: „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში”.