ვლადიმირ ვაისი - კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა
ვლადიმირ ვაისი - კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა
„გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ყოფილა ადვილი მატჩი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო“, – ეს ვლადიმირ ვაისმა გიბრალტარში ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების გამარჯვების (2:3) შემდეგ განაცხადა.
 
„ჯვაროსნების“ სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე შეაფასა გიბრალტარის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, რომელიც 84-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გოლით მოვიგეთ.

„რა თქმა უნდა, გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვაში და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად, ორი გოლი მივიღეთ“, – აცხადებს ვაისი.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით, მერვე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან სენტ-გალენის „კუბუნ პარკზე“ 15 ნოემბერს გამართავს.