ვლადიმერ გუცაევი - გავაკეთეთ ის, რასაც დღეს 200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კლუბებიც ვერ ახერხებენ [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს ქართული ფეხბურთის ლეგენდის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის წამყვანის, ვლადიმერ გუცაევის დაბადების დღეა. თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981) და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. იგი ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და სამართალმცოდნეობა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, არის ღირსების ორდენის კავალერი (2001).

 

საკლუბო კარიერა

თამაში დაიწყო 1965 წელს თბილისის „ნორჩ დინამოელში“. თბილისის „დინამოში“ 1971-ში ჩაირიცხა და ძირითად შემადგენლობაში დებიუტი იმავე წელს ჰქონდა. 1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირის, „კარაველას თასის“ (ტროფეო კოლომბინოს, ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული გახდა, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელებმა ლისაბონის „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევმა 21-ე და 46-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა.

გუცაევი „დინამოსთან“ ერთად სამჯერ სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე — ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში 47 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე 34 შეხვედრაში 8 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 6 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 13 მატჩი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 2 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

1981 წლის 13 მაისს, ვლადიმერ გუცაევს თავის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისთან“ 0:1-ს აგებდა და 67-ე წუთზე ანგარიშის გაქვითა- რამაზ შენგელიას გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა კი ანგარიში უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა. 87-ე წუთზე კი მეორედ გერმანელთა კარი ვიტალი დარასელიამ აიღო და თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

„13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება იყო. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო სხვა კუთხითაც – მაშინდელ თბილისის „დინამოში“ ერთი ლეგიონერიც არ გვყავდა. ყველა საქართველოში გაზრდილი მოთამაშე იყო. თუმცა გავაკეთეთ ის, რასაც დღეს 200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კლუბებიც ვერ ახერხებენ“, – იხსენებს ვლადიმერ გუცაევი.

სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში მიიჩნევა გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად, რომელსაც თავისი ინდივიდუალური მონაცემების წყალობით მარტოს შეეძლო გაერღვია მეტოქეთა დაცვის ხაზი და თავადვე დაეგვირგვინებინა წამოწყებული შეტევა. გამოირჩეოდა სასტარტო სისწრაფითა და გასაოცარი დრიბლინგით. ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა. 1986 წელს მან ამავე კლუბში დაასრულა თავისი სათამაშო კარიერა.

 

სანაკრებო კარიერა

1972–1982 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მიღწევები

საკლუბო

დინამო თბილისი

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1978

ვიცე-ჩემპიონი: 1977

ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.), 1981

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1976, 1979

ფინალისტი: 1980

კარაველას თასის მფლობელი: 1973

ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი

ჩემპიონი: 1976

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები

სსრ კავშირის სპარტაკიადა

ვიცე-ჩემპიონი: 1979

ინდივიდუალური

საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელი -№1: 1972, 1978, 1979; №2: 1976, 1977, 1981.