ვლადიმერ გუცაევი - ყოველთვის წინასწარ მქონდა შეგრძნება, რომ გოლს გავიტანდი #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - ყოველთვის წინასწარ მქონდა შეგრძნება, რომ გოლს გავიტანდი #1TVSPORT

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი „ახალ დღეს“ სტუმრობდა. ოქროს თაობის „დინამოს“ ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა გაიხსენა დღე, რომელიც საქართველოში 40 წელია არავის ავიწყდება –  1981 წლის 13 აპრილი, როცა თბილისელებმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს. 

ვლადიმერ გუცაევი – „ფინალია და იმედი ყველას გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული არავინ იყო, რომ მაიცდამაინც ჩვენ მოვიგებდით თამაშს. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო. მოუგეს „ვალენსიას“, „რომასთან“ ჯერ 3:0 წააგეს და მომდევნო შეხვედრაში 4:0 გაიმარჯვეს, „ბენფიკასთან“ ჯერ 2:0 წააგეს, შემდეგ 3:0 მოუგეს. მომდევნო წელს, 1980-ში ოლიმპიადა მოიგეს. ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ფინალია, თამაში და უნდა იბრძოლო. ბრძოლის გარეშე ვერაფერს მოიგებ. ჩვენც ვიბრძოლეთ,  მოვიგეთ და გავახარეთ მთელი საქართველო.

ყოველთვის წინასაწარ მქონდა ხოლმე შეგრძნება, რომ გოლს გავიტანდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერ გუნდებს ვხვდებოდით. „ლივერპულთან“ თამაშის წინაც ვთქვი, რომ გოლს გავიტან-მეთქი. „ჰამბურგთანაც“ ვთქვი, შევაგდებ-მეთქი და გავიტანე. ბევრზე არ მქონდა პრეტენზია – ერთი გოლი. გამგზავრებამდე ბაზაზე ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. ვისაუბრეთ. მეუბნება, შენზე გაგებული მაქვს, რასაც ამბობს, აუცილებლად აკეთებსო და რას იტყვიო? ერთ გოლს გავიტან, სხვას ვერაფერს დაგპირდებით-მეთქი. ერთით ნოლს რომ აგებ და დრო გადის, სასწრაფოდ უნდა გაათანაბრო. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, ჩქარობ, პანიკა გეწყება. ამიტომ ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, რომ რამაზ შენგელიას ვუთხრა დიდი მადლობა. საერთოდ, მე ძალიან ძლიერი პარტნიორები მყავდა. მაღალი დონის ოსტატები იყვნენ. გახსოვთ ხომ, რა გააკეთე რამაზმა. ორი მცველი გადაიყვანა თავის მხარეს, მომცა პასი და იქ უკვე უბრალოდ ბედი იყო და უნდა გაგეტანა“.

ვლდიმერ გუცაევმა გაიხსენა მადრიდის ტურნირი, სადაც დავით ყიფიანმა მძიმე ტრავმა მიიღო, რაც „დინამოსთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა.

ვლადიმერ გუცაევი: „ის ძალიან ძლიერი ტურნირი იყო. მონაწილეობდნენ „რეალი“ „ბაიერნი“ და ასეთი დონის გუნდები. ბევრს ნიშნავს, როცა ასეთ ტურნირზე ყველაზე ტექნიკურ გუნდად დაგასახელებენ. ჩვენს გუნდს ორი დირიჟორი ჰყავდა, ერთი მოედნის გარეთ (ბატონი ნოდარი) და ერთი შიგნით, მოედანზე  – ყიფიანი. ყველა გუნდს ჰყავს ასეთი დირიჟორი მოედანზე. საფრანგეთს ზიდანი ჰყავდა, არგენტინას – მარადონა. მოედანზე გასვლიდან 5 წუთში კი დათოს ფეხი მოტეხეს და დამთავრდა მისთვის ეს ტურნირი. წარმოიდგინეთ, როგორი დიდი დანაკლისი იყო ეს ჩვენთვის“.

შეკითხვაზე, რომელ თანამედროვე გუნდს შეადარებდა იმ ეპოქის „დინამოს“, გუცაევმა უპასუხა:

„ვერ შევადარებდი. „დინამოა“ და მორჩა მანდ ყველაფერი. „დინამოს“ თავისი ხელწერა ჰქონდა და არავის არ ჰგავდა. იმ პერიოდში ჩვენთან ჩამოსული გუნდები იმას კი არ ფიქრობდნენ, რომ ქაულა წაეღოთ, არამედ იმას რომ დიდი ანგარიშით არ დამარცხებულიყვნენ. სტადიონზე მოდიოდა გულშემატკივარი იმის სანახავად, რომ დღეს „დინამო“ რაღაც საოცრებას გვაჩვენებს. ერთი კვირით ადრე ჰქონდათ ეს შეგრძნება, შემდეგ მოდიოდნენ და ამ სპექტაკლს უყურებდნენ“.