ვლადიმერ გუცაევი - „რეალში“ რომ დავრჩენილიყავი, „დინამოს“ და ჩემს ახლობლებს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - „რეალში“ რომ დავრჩენილიყავი, „დინამოს“ და ჩემს ახლობლებს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ #1TVSPORT

ესპანურმა საინფორმაციო სააგენტო EFE-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ვლადიმერ გუცაევთან – თბილისის „დინამოს“ ლეგენდასთან და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანთან. პუბლიკაციის ავტორია მიხაელ ვიგნანსკი.

 

ხუანიტოს ან სანტილიანას სსრკ-ში ჩასვლას ხელი „ვოლგამ“ შეუშალა

პოლიტიკამ და „ვოლგამ“ ჩაშალა 1981 წლის ქართველი ფეხბურთელის, თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელის ვლადიმერ გუცაევის და მადრიდის „რეალის“ ისეთი ვარსკვლავების გაცვლა, როგორებიც არიან ხუანიტო ან სანტილიანა.

„ერთდროულად გაოცებული და ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე იყო საბჭოთა კავშირში“, – ამბობს გუცაევი.

თბილისის „დინამოში“ 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა გუცაევმა ფინალში გოლი გაიტანა. ის იმავე წელს მადრიდში გამართულ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის ტურნირს არ ივიწყებს.

 

ტრანსფერის მცდელობა

„დინამომ“ „რეალთან“ 2:4 წააგო. ქრონიკებში ნათქვამია, რომ გუცაევმა შტილიკეს და კამაჩოს წინააღმდეგ ბრწყინვალე კლასის გამოავლინა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშე. დღემდე მახსოვს, რამდენად კარგად გამოიყურებოდნენ დელ ბოსკე და შტილიკე, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვითამაშეთ. მატჩის ბოლოს, „დინამოს“ მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა მითხრა, რომ მადრიდელები ჩემით დაინტერესდნენ და რომ მზად იყვნენ, ნებისმიერი თანხა გადაეხადათ“, – ამბობს გუცაევი.

დაბრუნების შიში

გუცაევმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, კარგად იცოდა რა შედეგები მოჰყვებოდა დასავლურ კლუბში ტრანსფერს მისთვის და მისი ოჯახისთვის.

„წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი და ესპანეთში დავრჩენილიყავი, „დინამოს“ და ჩემს ახლობლებს საქართველოში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. შეიძლებოდა ქვეყნის მოღალატედ შევერაცხე. ეს შეთავაზება დავაფასე, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყნისა და ქართველი გულშემატკივრების სიყვარულით საბჭოთა კავშირის დატოვებას არ ვაპირებდი“, – განმარტავს იგი.

მანამდე საბჭოთა ხელისუფლებამ „რეალის“ პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს შეთავაზება ლეგენდარული მეკარის, ლევ იაშინის ტრანსფერზე ასევე უარყო.

 

ავტომობილი „ვოლგა“ და ტრანსფერთან დაკავშირებული სიმართლე

გუცაევი აღიარებს, რომ მასაც მოუწია „საინტერესო“ საბაბის გამოგონება, თუმცა მადრიდელების მენეჯერები მიზეზს მაინც ვერ მიხვდნენ.

„ვუთხარი, რომ ჩემს სამშობლოში არა მარტო ოჯახი მყავდა, არამედ ჩემი საყვარელი მანქანაც – „ვოლგა“. ესპანელები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, რა მანქანის გამო ვერ მივდიოდი”, – ამბობს ის.

მაშინ საუკეთესო საბჭოთა მანქანა „ვოლგა“ 16000 მანეთი ღირდა – ეს იმ დროისთვის უდიდესი თანხა იყო. გუცაევი თვეში 360 რუბლს გამოიმუშავებდა, თუმცა გულშემატკივრებისგან მნიშვნელოვანი გოლებისთვის ფულად პრემიებს იღებდა, მაგალითად, 1979 წლის ჩემპიონთა თასზე „ლივერპული“ (3:0) რომ დაამარცხეს. საბჭოთა ფეხბურთელების ერთადერთი პრივილეგია ის იყო, რომ მანქანის შესაძენად რიგში არ დგებოდნენ.

„სასოწარკვეთილმა „რეალის“ ხელმძღვანელებმა წამოაყენეს კიდევ ერთი ვარიანტი. გავცვალოთ გუცაევი სანტილიანაზე ან ხუანიტოზე – ჩვენებმა ამაზეც უარი თქვეს, თუმცა ესპანელებს მიზეზი არ ესმოდათ“, – აღნიშნავს იგი.

 

მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა

გუცაევი იყო 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მაგრამ ის არ წაიყვანეს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთში გაიმართა.

„ესპანელებს გაუკვირდათ. რამდენად ძლიერები არიან საბჭოთა ფეხბურთელები, თუ გუცაევს არც კი ეძახიანო. მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ ნაკრებში ვერმოხვედრის გამო ძალიან ვინერვიულე“, – აღიარებს იგი.

ის განმარტავს, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ლიგა ძალიან ძლიერი იყო და ვალერი ლობანოვსკის კიევის „დინამო“ გამოირჩეოდა:

„ისე მოხდა, რომ სსრკ მატჩებს ევროპაში არავინ უყურებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიევის „დინამო“ ევროპულ თასებს ვერ მოიპოვებდა. მე თასების მფლობელთა თასით ვამაყობ. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ბიჭებს პატარა საქართველოდან ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. მას მერე 40 წელი გავიდა და გულშემატკივრები ქუჩაში ახლაც მაჩერებენ“.

გუცაევი ოპტიმისტურად არის განწყობილი ქართული ფეხბურთის მომავლის მიმართ, ძირითადად იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლი შემტევი ფეხბურთის ერთგულია: ეს ქართველ ფეხბურთელებს „სისხლში“ აქვთ.

„ესპანეთთან, რომელიც ახალ გუნდს ქმნის, ჩვენ თითქმის მთელი მატჩი თანაბრად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ქართველი ვარსკვლავი, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რუსულ „რუბინში“ თამაშობს, ნახტომს გააკეთებს დიდ გუნდში, როგორიც მადრიდის „რეალია“. ის ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს. მას აქვს დიდი პოტენციალი, სიჩქარე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი. რაც მთავარია, ის ფეხბურთით ცხოვრობს. ის დგება ბურთით და მასთან ერთად იძინებს“, – ამბობს გუცაევი.

ხიჩამ, რომელიც „რეალის“ გულშემატკივარია, გოლის გატანით დაუმტკიცა ესპანეთს, რომ მზადაა კონტინენტის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში ითამაშოს.