ვირთხები, ძალადობა, ნარკოტიკების გამოყენება - როგორია მე-19 საუკუნეში აგებული ციხე, რომელშიც ბორის ბეკერს სასჯელის მოხდა მოუწევს #1TVSPORT
ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, ბორის ბეკერმა ორწლინახევრიანი სასჯელის მოხდა დაიწყო, რომელიც მას თაღლითობის გამო ლონდონის სასამართლომ მიუსაჯა.
ბედის ირონია შეიძლება ეწოდოს იმას, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი უიმბლდონის საჩოგბურთო კომპლექსის გვერდით მდებარე უონდსვორტის ციხეში ჩასვეს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეშია აშენებული.
ეს არის პირქუში და შიშისმომგვრელი შენობა, რომელიც გადავსებულია პატიმრებით. აი, რას წერს ამ ციხეზე „ნიუ იორკ თაიმსი“: „ვირთხები, გაუთავებელი ძალადობა, ნარკოტიკების გამოყენება და პატიმრების გამოკეტვა საკნებში 22 საათის განმავლობაში – ასეთია ცხოვრება ნახევრადდანგრეულ ვიქტორიანულ ციხეში, რომელიც ბეკერის მეორე სახლი გახდება“.
22-საათიანი იზოლაციის გამო, ბევრი პატიმარი ფსიქიურ აშლილობას უჩივის. ხშირია დისციპლინის სხვადასხვა დარღვევისთვის ფიზიკური ძალის გამოყენება. 2020-21 წლების პერიოდში, ციხის მცველების მხრიდან ძალადობის 1295 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბორის ბეკერი ციხის იმ ნაწილში მოათავსეს, რომელშიც 86 საკანია. თითო საკანში ექვსი პატიმარია და ამ 86 საკნისთვის მხოლოდ ექვსი საშხაპეა გათვლილი.
აი, როგორ აღწერს თავის წიგნში ამ ციხეს უონდსვორტის ყოფილი პატიმარი, კინორეჟისორი კრის ატკინსი:
„ყვირილი, ჩხუბი, ბღავილი, ღრენა, ყეფა, მუქარა, გინება, სიცილი, კვნესა, კამათი, ჩხუბი, ტირილი. მოგეჩვენებოდა, თითქოს ვიღაცამ ყველა ხმოვანი ეფექტი ერთდროულად ჩართო. ციხის შენობა ისე გამოიყურება, თითქოს ბოლოს ის 1895 წელს განაახლეს, როცა აქ ოსკარ უაილდი იჯდა, რომელიც ჰომოსექსუალიზმისთვის გაასამართლეს“.
მაგრამ ატკინსი იქვე ამატებს: „უონდვორტი – საშიში ციხეა, მაგრამ თუ არ ჩაერევით ნარკოტიკებში, ვალებში და ციხის სხვა პოლიტიკაში, ეს არც ისე ცუდი ადგილია“.
რეალურად, ბეკერი ვერც მოასწრებს ამ საქმეებში ჩარევას, რადგან ერთი თვე უნდა გაუძლოს ამ მკაცრ პირობებს და შემდეგ ნაკლებად მკაცრი რეჟიმის საპატიმროში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ბორის ბეკერმა 2017 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რათა არ გადაეხადა 60-მილიონიანი ვალი. ამისთვის მან სამი მილიონი ევროს ოდენობის ქონება და კრედიტები დამალა.