გერმანიაში ბორის ბეკერზე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ
გერმანიაში ბორის ბეკერზე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

„დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი, გერმანელი ბორის ბეკერი მხატვრული ფილმის გმირი გახდება. როგორც გამოცემა „ბილდი“ წერს, სურათის სიუჟეტი კონცენტრირებული იქნება ცნობილი ჩოგბურთელის ახალგაზრდობაზე, თუმცა, ჯერ უცნობია, ვინ შეასრულებს მის როლს.

ფილმის გადაღებით დაკავებულია გერმანული ტელეარხი RTL. ბეკერის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის ქასთინგი მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მუშაობის პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ბეკერი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია. მან თავისი პირველი უიმბლდონი 17 წლის ასაკში მოიგო, სულ კი ამ ტურნირზე სამჯერ გაუმარჯვია, ასევე ორჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია და ერთხელ – აშშ-ის ღია პირველობა. ხუთჯერ იყო წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი და 13-ჯერ მოუგია „მასტერსის“ სერიის ტურნირები.