მას კარიერის ბოლომდე გარანტირებული აქვს ცუდი ბიჭის იმიჯი - ჩოგბურთის ლეგენდები ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდებმა კომენტარი გაუკეთესო აშშ-ის ღია პირველობის მთავარ მოვლენას – ნოვაკ ჯოკოვიჩის დისვალიფიკაციას…

 

ბორის ბეკერი

„მე ყველაზე მეტად ვარ გაოგნებული. მე და ნოვაკი ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ერთი ოჯახივით ვართ. ეს, ალბათ, ყველაზე რთული მომენტია მთელს მის პროფესიულ კარიერაში. მან წესი დაარღვია, გადაწყვეტილება მართებულია. ჯოკოვიჩს ჰქონდა რამდენიმე სეტბოლი, მაგრამ კარენო ყოველთვის პოულობდა მომდევნო ქულის მოგების საშუალებას. ნოვაკს არ მოეწონა მოწინააღმდეგის დროპ-შოტი და სწორედ მაშინ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი – სხვა მხარეს დაარტყა ბურთი. საბედნიეროდ, არ იყო ხალხი, მაყურებელი, რადგან მას ჩვევია ბურთის ტრიბუნებზე გადაგდება. ის განრისხდა.

ბურთი ხაზის მსაჯს ყელში მოხვდა, ის დაეცა და ჰაერი არ ყოფნიდა. ეს არ იყო მისი განზრახვა, მას არ უნდოდა რეფერის დაზიანება, მაგრამ ბურთს დაარტყა და ასეთია წესი. მძიმე შემთხვევაა. სუპერვაიზერები კორტზე გავიდნენ და ჩვენ მაშინვე ვიგრძენით, რომ მათ მხოლოდ ერთი ვარიანტი ჰქონდათ. ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა დატოვა ამერიკის ღია პირველობა. გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ სამართლიანი. შესაძლოა, კორტიდან გასვლის მომენტი ყველაზე მძიმე ეპიზოდია ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერაში. ის ცხოვრებაში საუკეთესო ფორმაში იყო, წელს დაუმარცხებელი მიდიოდა „დიდი სლემის” მე-18 ტიტულისკენ. მაგრამ, ახლა, შინ წასვლა მოუწევს“.

 

მატს ვილანდერი

„ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. რთულია წარმოიდგინო საჩოგბურთო კორტზე უფრო დიდი წარუმატებლობა. მან არა მხოლოდ ბურთი ისროლა მსაჯებისა და ბოლბოების მისამართით, არამედ ზღვარს გადააბიჯა. იმაზე ძლიერად დაარტყა, ვიდრე აპირებდა. ცხადია, ეს უბედური შემთხვევაა. დიახ, არსებობდა სინანულის ნიშნები. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასე მოქცევა არ შეიძლება. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ხაზის მსაჯს ყველაფერი წესრიგში აქვს, არადა, ძლივს სუნთქავდა. მე ვნახე გამეორება და ეს აშკარა დისკვალიფიკაციაა. ერთადერთი, რამაც კითხვის ნიშანი დამიტოვა – გადაწყვეტილების მიღებამდე რატომ არ ნახა გამეორება მთავარმა მსაჯმა. ისე კი, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ეს დისკვალიფიკაციაა“.

 

ჟუსტინ ანენი

„საჩოგბურთო სამყაროსთვის ეს, რა თქმა უნდა, შოკია. ხვალ ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება, მაგრამ ჩოგბურთის სამყაროში არ გვინდა მსგავსი რამის ხილვა. რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩი არ აპირებდა მსაჯისთვის ზიანის მიყენებას, და ის, რაც მოხდა – უბრალოდ, უიღბლობაა, მაგრამ დისკვალიფიკაცია ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. დიახ, ეს ნოვაკია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის ეს გადაწყვეტილება ნორმა იქნებოდა. როგორც კი მივხვდით, რომ ბურთი ხაზის მსაჯს მოხვდა, ცხადი გახდა, რომ ჯოკოვიჩისთვის ყველაფერი დასრულებული იყო“.

 

ბილი ჯინ კინგი

„პირველ რიგში ვიმედოვნებ, რომ მსაჯი წესრიგშია. წესი წესია. ყველა მონაწილისთვის სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში დისკვალიფიკაცია სწორი გადაწყვეტილება იყო“.

 

ალექს კორეჩა

„შოკში ვარ, როგორც ყველა. სრული მოულოდნელობა. საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა სანტიმეტრმა შეცვალოს არა მხოლოდ მატჩი, არამედ ჩვენი სპორტის მომავალი, მისი ისტორია. რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულის წაგების შემდეგ, ნოვაკმა აშკარად დაკარგა კონცენტრაცია – მან ერთი ბურთი ტრიბუნებზე გაუშვა, რაც ძალიან სახიფათო იქნებოდა, იქ მაყურებლები რომ ყოფილიყვნენ. ის ვერ აკონტროლებდა თავის ემოციებს. ის გატყდა, კონტროლი დაკარგა და სამწუხაროდ, არ გაუმართლა, როცა მსაჯს მოარტყა ბურთი. არსებული წესებით, მას დისკვალიფიკაცია ეკუთვნოდა. ცხადია, სხვა გამოსავალი არ იყო. სამწუხაროა, რომ ეს მატჩი ასე დასრულდა. უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ კორტზე ემოციებს. ეს დიდი გაკვეთილია ბავშვებისთვის და ტურის ყველა მონაწილისთვის. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან, რასაც კორტზე ვაკეთებთ, რადგან შეიძლება ვინმეს ძალიან ვავნოთ“.

 

მარტინა ნავრატილოვა

„დაუჯერებელია, რაც აშშ-ის ღია პირველობის კორტზე მოხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაცია მისცეს არა შეგნებული, მაგრამ სულელური დარტყმის გამო. მსაჯებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მიხარია, რომ ხაზის მსაჯს ყველაფერი წესრიგში აქვს“.

 

ჯონ მაკინროი

„ვიფქრობ, ის ზეწოლას ვერ გაუმკლავდა. ბევრი რამ ხდებოდა კორტის მიღმა და ამან მასზე ძალიან იმოქმედა. ახლა, მოსწონს მას ეს თუ არა, გარანტირებული აქვს კარიერის ბოლომდე ცუდი ბიჭის იმიჯი. საინტერესო სანახავი იქნება, როგორ გაუმკლავდება ამას ნოვაკი“.

 

ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობიდან ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო მოხსნეს. ინციდენტი პაბლო კარენო ბუსტასთან მატჩის პირველი სეტის მე-11 გეიმის შემდეგ მოხდა, როცა ნოვაკმა საკუთარი მოწოდება წააგო და 5:6 ჩამორჩა. სერბმა ჯიბიდან ამოიღო ბურთი და ისე რომ არ გაუხედავს, ჩოგნით უკან დაარტყა. ბურთი ქალ მსაჯს ყელის არეში მოხვდა.

ნოვაკი 10 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა სუპერვაიზერს იმის ასახსნელად, რომ ბურთი მსაჯის მიმართულებით შემთხვევით გაუშვა. მიუხედავად ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება რეიტინგის პირველი ნომრის დისკვალიფიკაციის შესახებ.